გავეცნოთ კერძო სკოლებს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბრიტანულ ქართული აკადემია” (British-Georgian Academy)
შპს “ევროპული სკოლა” (European School)
შპს “ახალი სკოლა” (New School International School of Georgia)
შპს “ნიუტონის თავისუფალი სკოლა” (Newton Free School)
შპს “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი” (Buckswood School)
სს “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში” (The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi)
შპს “თბილისის მწვანე სკოლა” (Green School)
ზოგადი მიმოხილვა
წარმოდგენილი კერძო სკოლები მაღალ და საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზე ოპერირებენ და თითოეულის სწავლის საფასური წლიურად ₾6 ათას ლარს აღემატება.
კერძო სკოლების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. EBITDA და საოპერაციო მოგების მარჟები საშუალოდ 30% და 25%-ია, შესაბამისად.
შესამჩნევია სკოლების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდაც, რისი ძირითადი მიზეზიც – ფასების ზრდასთან ერთად – მოსწავლეების რაოდენობის ზრდაა.
ბოლო 10 წელში, კერძო სკოლების მოსწავლეების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, საჯარო სკოლების კი 13%-ით. თუმცა, კერძო სკოლების მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჯარო სკოლების მოსწავლეების რაოდენობას და ბოლო 10 წელში ეს პროპორცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კერძო სკოლების მოსწავლეების წილი 2023/24 აკადემიურ წელს 10.5% იყო, ათი წლის წინ კი – 9.2%.
ამ სექტორში კაპიტალური დანახარჯების გაწევა პირდაპირპროპორციულად აისახება შემოსავლების ზრდაზე. იმ კერძო სკოლებს, რომელთაც ყველაზე მეტი კაპიტალური დანახარჯები აქვთ გაწეული, როგორც წესი, ყველაზე მაღალი შემოსავლების ზრდის ტემპიც აქვთ.
სწორედ ამიტომ, საოპერაციო თავისუფალ ფულად ნაკადებს კერძო სკოლები უმეტესად რეინვესტირებისთვის / კაპიტალური დანახარჯებისთვის იყენებენ. კაპიტალური დანახარჯები კი ძირითადად მოსწავლეების ტევადობის ზრდისკენ არის მიმართული.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
ყველაზე მაღალშემოსავლიანი კერძო სკოლა “ბრიტანულ-ქართული აკადემიაა“, რომელიც პრემიუმ საფასო სეგმენტზე ოპერირებს. კომპანიის შემოსავლებმა ₾26 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ შემოსავლების 73% მოდის სკოლის სრულად ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც 2019 წელს დაარსა კომპანიამ. ინგლისურენოვანი პროგრამის დამატებამ, რომელიც გაცილებით მაღალი საფასური ღირს, მნიშნვნელოვნად გაზარდა არაქართულენოვანი მოსწავლეების რაოდენობა. შედეგად, 2019-22 წლებში კომპანიის შემოსავლები 4-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
“ევროპული სკოლა” მეორე უმსხვილესი კერძო სკოლაა, რომლის შემოსავლებმაც თითქმის ₾21 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც 29%-იან ზრდას წარმოადგენს 2019 წელთან შედარებით.
შემოსავლებით მესამე ადგილზეა “ახალი სკოლა”, რომელმაც 3 წელში (2019-22) შემოსავლები 34%-ით გაზარდა ₾13.3 მილიონამდე.
შემოსავლების ყველაზე მცირე ზრდა “ამერიკულ აკადემიას” ჰქონდა. ბოლო 3 წელში კომპანიის შემოსავლები თითქმის უცვლელი დარჩა და ₾7.8 მილიონი შეადგინა 2022 წელს. 2019-22 წლებში “ამერიკულ აკადემიას” არ განუხორციელებია სტუდენტების ტევადობის გაზრდისკენ მიმართული ინვესტიციები, რაც ნაწილობრივ ხსნის შემომსავლების ძალიან მცირე ზრდის ტემპს.
დანარჩენი სკოლების წლიური შემოსავლები ₾6-11 მილიონამდე მერყეობს და სამივე მათგანს შემოსავლების ორნიშნა საშუალო წლიური ზრდა ჰქონდა 2019-22 წლებში.
კომპანიების მთლიანი საოპერაციო ხარჯები (მომსახურების თვითღირებულების ჩათვლით), საშუალო შეწონილით 75%-ს შეადგენს.
- საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რომელიც საშუალოდ შემოსავლების 51%-ს შეადგენს.
შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობა საკმაოდ მაღალი საოპერაციო მოგების მარჟით ოპერირებს, რაც საშუალოდ 25%-ს შეადგენს. ფანტასტიური მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების უმეტესობა დაბალი ლევერიჯით ოპერირებს (“ევროპული სკოლის” გარდა).
საოპერაციო ხარჯების ოპტიმალური მართვიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალ-მომგებიანი სკოლები არიან “ბრიტანულ-ქართული აკადემია” და “მწვანე სკოლა”.
“ამერიკულ აკადემიას” ყველაზე დაბალი მომგებიანობა ჰქონდა 2022 წელს, რაც შემოსავლების მცირე ზრდით და საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი მატებით აიხსნება. “ამერიკული აკადემიის” საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 88%-ია – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წარმოდგენილ სკოლებს შორის.
მაღალი მომგებიანობიდან გამომდინარე, კომპანიებს რჩებათ თავისუფალი ფულადი ნაკადები, რასაც ძირითადად მიმართავენ კაპიტალური დანახარჯების განსახორციელებლად – ხშირ შემთხვევაში, სტუდენტების ტევადობის გაზრდის მიზნობრიობით. მაგალითისთვის:
- “ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ ₾31 მილიონის კაპიტალური დანახარჯები გასწია 2019-22 წლების განმავლობაში, რაც სრულად სკოლის მიერ გენერირებული სახსრებით დაფინანსდა და არა დამატებითი კაპიტალის შენატანით. ეს ინვესტიციები კი კომპანიას დაეხმარა შემოსავლების გაოთხმაგებაში.
- “ევროპულმა სკოლამ” იმავე პერიოდში ₾7 მილიონის კაპიტალური დანახარჯები გასწია. დარჩენილი თავისუფალი ფულადი ნაკადები ₾36 მილიონის მოცულობით (აქედან ₾26 მილიონი მიღებული სესხი) კი ძირითადად გამოიყენა დაკავშირებულ მხარეებზე სესხების გასაცემად და შვილობილი საწარმოების შესასყიდად, ₾1.7 მილიონი კი დივიდენდის გასაცემად.
- “ნიუტონისა” და “ბაქსვუდის” შემთხვევაში, კომპანიებმა კაპიტალში დამატებითი შენატანი (₾18 მილიონი და ₾8 მილიონი, შესაბამისად) განახორციელეს სასურველი კაპიტალური დანახარჯების გასაწევად.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 სექტორის გრძელვადიანი წარმატება არაერთ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დემოგრაფიულ ტენდენციებსა და ურბანიზაციის დონეზე. თუმცა, კერძო სკოლების ბიზნესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა:
- მზარდი სექტორი.
- მაღალი მომგებიანობის მარჟები.
- კაპიტალური დანახარჯების მხრივ ეფექტური ბიზნესი.
- ზრდის პოტენციალი როგორც ორგანული, ასევე სკოლების კომბინაციის გზით.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "შპს ბრიტანულ ქართული აკადემია"
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "საქართველოს განათლების ჯგუფი" (Georgia Capital): 70%
- ნათია ჯანაშია: 30%
2️⃣ შპს "ევროპული სკოლა"
💼 კომპანიის მფლობელი:
- თეა ჭეიშვილი: 100%
3️⃣ შპს "ახალი სკოლა"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ირაკლი თოფურია: 50%
- მარინა ჟღენტი: 50%
4️⃣ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა"
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- მი ზაიქი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა): 37.5%
- ქსინფუ ვანგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა): 37.5%
- გიორგი მელაძე: 25%
5️⃣ შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "საქართველოს განათლების ჯგუფი" (Georgia Capital): 80%
- ალექსანდრე ვაშაკიძე: 10%
- რამაზ აფციაური: 10%
6️⃣ სს "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში"
💼 კომპანიის მფლობელები:
- სს ლისი ლეიქ დეველოპმენტ: 28.2%
- სს თიბისი ბანკი: 14.5%
- ირინა წერეთელი: 9.9%
- სს საქართველოს ბანკი: 9.8%
- ახალი ქართული ფონდი: 9.5%
- შპს თბილავიამშენი: 5.1%
- სხვა (12 ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირი 5%-ზე ნაკლები წილით): 23.1%
7️⃣ შპს "თბილისის მწვანე სკოლა"
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "საქართველოს განათლების ჯგუფი" (Georgia Capital): 80%
- ბაკურ სულაკაური: 10%
- კახა დავითური: 10%