ნაყინის მწარმოებლები (2021)

💡 გავეცნოთ ნაყინის წარმოების ბიზნესს 4 მსხვილი მწარმოებლის მაგალითზე:

1️⃣ შპს „ქართუ-უნივერსალი“ (თოლია • Tolia)

2️⃣ შპს “ჯი და ჯი ქოოფერეიშენ” (Luca Polare • ლუკა პოლარე)

3️⃣ შპს “ლიდერი XXI”

4️⃣ შპს “აისი” (გურჯაანის ნაყინი • Gurjaani Ice Cream).

ზოგადი მიმოხილვა

ოთხივე კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია.

თოლია, ლიდერი XXI და გურჯაანის ნაყინი ძირითადად ინდუსტრიულ ნაყინს აწარმოებენ, რომლებსაც სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტებში ყიდიან. თოლია და ლიდერი XXI ასევე ახდენენ გაყინული საკვები ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას.

Luca Polare საქართველოში ერთ-ერთი პირველი ice cream shop-ის ტიპის ობიექტია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და უფრო მაღალი საფასო კატეგორიის ნაყინის რეალიზაციას ახდენს, ვიდრე წარმოდგენილი კონკურენტები. ამჟამად კომპანია 18 ფილიალით ოპერირებს, მათ შორის 13 თბილისში, 4 ბათუმში და 1 ქობულეთში მდებარეობს.

წარმოდგენილი კომპანიებიდან, 3 მომგებიანია და სოლიდური EBITDA მარჟებით ოპერირებს, თუმცა გურჯაანის ნაყინს 2019-2021 წლებში უარყოფითი EBITDA და საოპერაციო მოგება ჰქონდა.

ფინანსური მიმოხილვა

თოლიას შემოსავლები ყველაზე ახლოს მდგომ ნაყინის მწარმოებლის შემოსავლებს 6-ჯერ აღემატება. კომპანიის 2021 წლის შემოსავლებმა ₾50 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც განხილული კონკურენტების შემოსავლები ₾3-₾8 მილიონის ფარგლებშია.

თოლიას მაღალ წლიურ ბრუნვასთან ერთად, ყველაზე მაღალი ზრდის ტემპიც აქვს. 2018-2021 წლებში კომპანიას 7.1%-იანი საშუალო წლიური ზრდა (CAGR) ჰქონდა, Luca Polare-ს და “ლიდერი XXI-ს” კი 6.3% და 5.6% შესაბამისად.

გურჯაანის ნაყინი ერთადერთია კონკურენტრებს შორის, რომელსაც 2018-2021 წლებში ბრუნვის მოცულობა შეუმცირდა. შესაძლებელია კომპანიამ ვერ მოახერხა სადისტრიბუციო წერტილების ზრდა და საცალო სავაჭრო ობიექტების ათვისება.

სექტორში მონაწილე კომპანიების საერთო მოგების მარჟები ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მაღალი მარჟა Luca Polare-ს უჭირავს (59%), რაც ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. როგორც ყველა კაფის სტილის ობიექტში, მარჟები აქაც მაღალია. გურჯაანის ნაყინს კი ყველაზე დაბალი საერთო მარჟა უჭირავს, რაც სავარაუდოდ განპირობებულია როგორც დაბალ საფასო სეგმენტზე ფოკუსირებით, ასევე პორტფელში სხვა პროდუქციის არარსებობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “თოლია” და “ლიდერი” ნახევარფაბრიკატების რეალიზაციასაც ახდენენ.

საოპერაციო ხარჯების წილი მთლიან შემოსავალში 44%-50%-ში მერყეობს. გამონაკლისია “ლიდერი XXI“, რომლის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში მხოლოდ 23%-ს შეადგენს. ძირითადი მიზეზი თანამშრომლების საკმაოდ მცირე რაოდენობა (მხოლოდ 22) და, შესაბამისად, დაბალი სახელფასო დანახარჯებია.

ყველაზე მაღალი საოპერაციო ხარჯების წილი გურჯაანის ნაყინს აქვს, რაც (i) დაბალ საერთო მოგების მარჟასა და (ii) მაღალ ლევერიჯთან ერთად, კომპანიის ზარალზე მუშაობის მიზეზია.

საოპერაციო ხარჯების მცირე წილის გამო, “ლიდერი XXI-ს” ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA/საოპერაციო მოგების მარჟები) აქვს.

პირველი სამი კომპანიის აქტივების დაახლოებით 40% სესხით ფინანსდება და ლევერიჯ კოეფიციენტები მისაღებ დონეზეა. გურჯაანის ნაყინი ამ მხრივაც გამონაკლისია და საკმაოდ მაღალლევერიჯიანია. კომპანიის აღებული სესხი 20%-ით აჭარბებს მთლიან აქტივებს და ვერ ახერხებს საკმარისი cash flow-ს გენერირებას სესხზე მომსახურებისთვის.

კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

1️⃣ შპს „ქართუ-უნივერსალი“ (თოლია • Tolia): ₾10.5 მილიონი.

2️⃣ შპს “ჯი და ჯი ქოოფერეიშენ” (Luca Polare): ₾0.

3️⃣ შპს “ლიდერი XXI”: ₾1.7 მილიონი.

4️⃣ შპს “აისი” (გურჯაანის ნაყინი): ₾0.

🟢 მიუხედავად მსგავსი პროდუქტის წარმოებისა, კომპანიები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მმართველობითი სტრუქტურითა და ბიზნესისადმი მიდგომებით.

🟢 როგორც წინა პოსტის კომენტარში აღვნიშნეთ, 2013 წლიდან დაიწყო „ქართუ-უნივერსალის“ (თოლია) კომპანიის წილების გასხვისება ცალკეულ ფიზიკურ პირებზე და ამჟამად კომპანიას 25 მფლობელი ჰყავს სხვადასხვა თანამონაწილეობით. სავარაუდოდ, ფიზიკურ პირებს, რომლებმაც თავის დროზე კერძო/არალიკვიდურ კომპანიაში წილი შეიძინეს, სურთ ამონაგების მიღება და კომპანია ამიტომ გასცემს აქტიურად დივიდენდებს. კომპანიისთვის დივიდენდის გაცემის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ 2021 წელს თოლიას unlevered free cash flow-მ ₾1.8 მილიონი შეადგინა, დივიდენდის მოცულობა კი ₾2.7 მილიონი იყო, რომლის გაცემაც მოხდა ნასესხები სახსრების ნაწილით.

🟢 შედარებისთვის, Luca Polare-ს დამფუძნებელი დღემდე 100%-იანი წილის მფლობელია. ბიზნესის პოტენციური გაყიდვისთვის, მარტივი მფლობელთა სტრუქტურა საკმაოდ მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე სეგრეგირებული მფლობელთა სტრუქტურა.

🟢 ბრენდის ცნობადობის კუთხით თოლია და Luca Polare უპირობო ლიდერები არიან, რაზეც სოციალური ქსელების გამომწერების რაოდენობაც მეტყველებს (თითოეულს 170 ათას გამომწერზე მეტი ჰყავს). ამ მხრივ გურჯაანის ნაყინს საკმაოდ დაბალი აქტივობა აქვს სოციალურ ქსელში. "ლიდერი XXI-ის" აქტიური და განახლებული FB გვერდი კი საერთოდ ვერ ვიპოვე.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს „ქართუ-უნივერსალი“ (თოლია - Tolia)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიორგი თოფაძე: 20.0%
- ირაკლი თოფაძე: 20.0%
- გიორგი თოფაძე: 15.5%
- ნიკოლოზ სვანიძე: 5.0%
- 21 ფიზიკური პირი 5%-ზე ნაკლები თანამონაწილეობით: 39.5%

2️⃣ შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ" (Luca Polare)
💼 კომპანიის მფლობელი:
- Simon Gross (გერმანიის მოქალაქე): 100%

3️⃣ შპს "ლიდერი XXI"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ტარიელ კახიძე: 50%
- დავით კაშია: 50%

4️⃣ შპს "აისი" (გურჯაანის ნაყინი • Gurjaani Ice Cream)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გურამ ბერიკაშვილის სამართალმემკვიდრე: 40%
- ჰამლეტი ყაზარაშვილი: 20%
- ივანე გარსევანიშვილი: 20%
- გია ღვინიაშვილი: 20%
*კომპანიის 2021 წლის რეპორტის მიხედვით, 40%-იანი წილი ეკუთვნის ჰამლეტ ყაზარაშვილს. საჯარო რეესტრის მიხედვით გურამ ბერიკაშვილს. საჯარო რეესტრი უფრო სანდოა.