გავეცნოთ რძის პროდუქტების წარმოების ბიზნესს 3 კომპანიის მაგალითზე და სპრედის (მცენარეულ ცხიმზე დამზადებული კარაქის ალტერნატივა) ბიზნესს 1 კომპანიის მაგალითზე:
შპს “სანტე ჯი ემ თი” (სანტე)
ი/მ კახაბერი მექოშვილი (კარაქი შატილი)
შპს “შირაქი”
შპს “გრინვილი” (ოდა)
განხილულ კონკურენტებს შორის არ არის წარმოდგენილი ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი კომპანია შპს “ქართული რძის პროდუქტები” (რძისამე), ვინაიდან კომპანიას 2022 წლის ანგარიშგება არ აქვს ჯერ გამოქვეყნებული. ცნობისთვის, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, “ქართული რძის პროდუქტების” ბრუნვამ ₾25 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის შემოსავლებს 2-ჯერ და მეტჯერ აღემატება.
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რძის პროდუქტების წარმოება. ვინაიდან სპრედი კარაქის ალტერნატივად ითვლება, წარმოდგენილ ანალიზში შევხედოთ შპს “გრინვილსაც“, რომელიც მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ სპრედს, “ოდას” აწარმოებს.
რძის პროდუქტების წარმოების ბაზარი კონცენტრირებულია 2 ძირითად მოთამაშეზე: “სანტე ჯი-ემ-თი” და “ვიმ ბილ დან საქართველო“. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ბრენდები “სოფლის ნობათი” და “მარგო“.
- მიზეზი რატომაც “სოფლის ნობათის” მწარმოებელი არ არის ქვედა ანალიზში წარმოდგენილი არის ის, რომ კომპანიის შემოსავლების ნახევარზე მეტს იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს (“სანდორა”, “სადაჩოკ”, “ლიპტონი”, “ლეისი”, “დორიტოსი” და ა.შ.). შესაბამისად, “ვიმ ბილ დან საქართველოს” ფინანსები არ ასახავს მხოლოდ რძის წარმოების ბიზნესს და ბრუნვის თუ მარჟების კუთხით არ იქნება სწორი სხვა რძის მწარმოებლებთან შედარება. ცნობისთვის, “ვიმ ბილ დან საქართველოს” ₾183 მილიონი შემოსავალი ჰქონდა 2022 წელს, საიდანაც ₾89 მილიონი თვითწარმოებული პროდუქტია (ძირითადად რძის პროდუქტები), დანარჩენი ₾94 მილიონი კი იმპორტირებული საქონლის რეალიზაციაზე მოდის.
ორივე ბაზრის დომინანტი მწარმოებლის საბოლოო მშობელი კომპანია მსხვილი საერთაშორისო კომპანიები არიან და დაფინანსების საწყის წყაროსაც ძირითადად მშობელი კომპანიები წარმოადგენენ (Lactalis და Pepsico Inc.).
ბაზრის ორი დომინანტი მოთამაშე აწარმოებს რძის პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტს. მაშინ, როდესაც დანარჩენი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ბაზრის საკმაოდ მცირე წილს იკავებენ და ძირითადად ფოკუსირდებიან პროდუქციის მცირე სახეობებზე. მაგალითად “შატილი” კონცენტრირდება კარაქის წარმოებაზე, “შირაქი” კი ყველის წარმოებაზე.
საქართველოში ნედლი რძის მწარმოებელი ინდუსტრიული ფერმების დეფიციტია. შესაბამისად, ქვეყანაში წარმოებული ნედლი რძე მკვეთრად ჩამოუვარდება მოთხოვნას. ამიტომ, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი იმპორტირებულ ნედლეულზე.
საქართველოსათვის უკრაინა წარმოადგენდა უმსხვილეს სტერილური რძის მომწოდებელს. რუსეთ-უკრაინის ომმა კი იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულ მსხვილ ქართულ მწარმოებლებს დიდი გამოწვევა შეუქმნა. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო “სანტემ“, რომელსაც თვითღირებულების ხარჯები და მომგებიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუუარესდა 2022 წელს. ამიტომ, “სანტეს” შემთხვევაში დავამატე 2021 წლის მაჩვენებლებიც, რაც უკეთ ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.
ზოგადად, რძის პროდუქტების მწარმოებლების მომგებიანობის მაჩვენებლები დაბალია, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. ამიტომ კომპანიებისთვის მასშტაბზე გასვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მცირე მწარმოებლები კი საოპერაციო ხარჯების მინიმიზაციით ახერხებენ მომგებიანობის მიღებას.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
ქართული რძის წარმოების ბაზარზე “სანტე ჯი-ემ-თი” ლიდერობს შემოსავლების კუთხით. “სანტეს” შემოსავლებმა ₾94 მილიონი შეადგინა, რაც, “სოფლის ნობათის” მწარმოებელი კომპანიის გარდა, ჩრდილავს დანარჩენი კომპანიების შემოსავლებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, “სანტეს” შემოსავლები 14%-ით შემცირდა 2022 წელს. დანარჩენმა წარმოდგენილმა კომპანიებმა კი დადებითი ზრდა აჩვენეს. განსაკუთრებული ზრდა აჩვენა სპრედი “ოდას” მწარმოებელმა შპს “გრინვილმა“, რომლის შემოსავლებიც 174%-ით გაიზარდა. კომპანიის საწარმო 2018 წელს გაიხსნა და ბრუნვით მალე დაეწია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არაერთ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 25%-35%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების მართვა გადამწყვეტი კომპონენტია კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლებისთვის. ყველაზე მცირე საოპერაციო ხარჯები “შატილს” და “ოდას” აქვთ, შესაბამისად, ამ ორ კომპანიას ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებიც აქვს.
- მაგალითად, “შატილის” საოპერაციო მოგების მარჟა 26%-ია, რაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
რძის პროდუქტების მწარმოებლების ლევერიჯი მინიმალურია:
- უმსხვილესი მწარმოებლების (“სანტე“, “სოფლის ნობათი“) დაფინანსების ძირითად წყაროს მათივე საერთაშორისო მშობელი კომპანიები წარმოადგენენ.
- “შატილი” და “შირაქი” ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებენ და მოცულობით კაპიტალურ დანახარჯებს ამ ეტაპზე არ ეწევიან. მცირე მასშტაბის ინვესტიციებს კი ძირითადად კომპანიის ფულადი ნაკადებით აფინანსებენ.
- “ოდას” ყველაზე მაღალი ლევერიჯი აქვს, ვინაიდან კომპანიის საწარმო სულ რაღაც 2018 წელს გაიხსნა. დაფინანსების წყაროდ კი “აწარმოე საქართველოში” თანადაფინანსების პროგრამა გამოიყენა.
კომპანიების დივიდენდების გაცემის პოლიტიკა განსხვავებულია. მაგალითად, “სანტე” მოგებას იყენებს ძირითად საშუალებებში რეინვესტირებისთვის / საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად და მხოლოდ 2022 წელს გასცა დივიდენდი. შედარებისთვის, “შატილი” მოგების ძირითად ნაწილს დივიდენდად გასცემს.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-22 წლებში კუმულატიურად:
სანტე: ₾1.6 მილიონი (2022 წელს)
კარაქი შატილი: ₾4.4 მილიონი
შირაქი: ₾58 ათასი (2022 წელს)
შპს “გრინვილი” (“ოდა”): ₾0 (საწარმო გაიხსნა 2018 წელს და სტაბილური მომგებიანობისთვის ჯერ არ მიუღწევია)
დამატებითი ინფორმაცია
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლების დინამიკის უკეთ გასაცნობად, შეგიძლიათ იხილოთ ქვედა გრაფიკი. გრაფიკში უფრო თვალნათლივ ჩანს ორი კომპანიის დომინანტური პოზიცია ბაზარზე:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "სანტე ჯი ემ თი" (სანტე)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ბი.ეს.ეი ინთერნეიშენალ: 100% (Lactalis Group)
2️⃣ ი/მ კახაბერი მექოშვილი (კარაქი შატილი)
💼 კომპანიის მფლობელი:
- კახაბერი მექოშვილი
3️⃣ შპს "შირაქი"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ნიკოლოზ ბენიაიძე: 100%
3️⃣ შპს "გრინვილი" ("ოდა" | "ვესტლენდი")
💼 კომპანიის მფლობელები:
- მინდია საბანაძე: 90%
- ლაშა კახიშვილი: 10%