გავეცნოთ ჩურჩხელისა და ჩირეულის მწარმოებლებს და რეალიზატორებს 4 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს “ბადაგი” (Badagi)
2️⃣ შპს “ქარელის ხილი” (ჩიკორი / Chikori)
3️⃣ შპს “ჩირიფრუტი” (ChiriFruit)
4️⃣ შპს “ნუგბარი” (Nugbari)
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ჩურჩხელის, ხილის ჩირისა და მსგავსი ტიპის ხემსების წარმოება და რეალიზაცია.
“ბადაგის” და “ნუგბარის” ძირითადი პროდუქტი ტრადიციული ჩურჩხელებია. “ჩიკორის” და “ჩირიფრუტის” ძირითადი მიმართულებება კი ხილის ჩირისა და მასთან დაკავშირებული ხემსების წარმოებაა.
წარმოდგენილი კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. “ბადაგი” და “ჩირიფრუტი” მომგებიანი კომპანიები არიან. მათი საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები საშუალო შეწონილით 12% და 14%-ია, შესაბამისად.
“ჩიკორი” და “ნუგბარი” კი საოპერაციო ზარალზე ოპერირებენ მინიმუმ ბოლო 2 წლის განმავლობაში (“ჩიკორის” კი საერთოდ არ ჰქონია მომგებიანია წელი).
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილ კომპანიებს შორის, “ბადაგი” ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾9 მილიონი შეადგინა, რაც 27% და 54%-ით აღემატებოდა 2022 და 2019 წლის ბრუნვებს, შესაბამისად.
“ჩიკორის” შემოსავლებმა ₾2.1 მილიონი შეადგინა, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2022 წლის მონაცემებს, მაგრამ 2.6-ჯერ აღემატება 2019 წლის მონაცემებს.
“ჩირიფრუტისა” და “ნუგბარის” შემოსავლები კი ₾1.0 – ₾1.5 მილიონის ფარგლებშია. ვინაიდან “ნუგბარი” კონცენტრირებულია ექსპორტზე, პანდემიამ და შემდგომ რუსეთ-უკრაინის ომმა ნეგატიური გავლენა იქონია კომპანიის გაყიდვებზე. შესაბამისად, “ნუგბარის” შემოსავლები 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 31%-ითაა შემცირებული.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის (“ჩიკორის” გარდა), შეიმჩნევა საერთო მოგების მარჟების (gross profit margin) ზრდის ტენდენცია, რაც ძირითადად პროდუქციაზე ფასის ზრდით აიხსნება. ყველაზე მაღალი, 71%-იანი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) “ჩირიფრუტს” აქვს. როგორც ჩანს, “ჩირიფრუტი” შოკოლადში ამოვლებულ ჩირზე და ხელნაკეთ ტკბილეულზე საკმაოდ მაღალი მარჟის დაჭერას ახერხებს. შედარებისთის, “ჩიკორი“, რომელიც ძირითადად შეფუთულ ჩირს სთავაზობს მომხმარებელს, ყველაზე დაბალი, 24%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებს. ასევე აღსაღნიშნია “ჩიკორის” საერთო მოგების მარჟის შემცირების დინამიკაც – კომპანია 2019 წელს 51%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებდა.
ჩურჩხელაზე ფოკუსირებული კომპანიების, “ბადაგის” და “ნუბგარის” საერთო მოგების მარჟები კი 43% და 58%-ია, შესაბამისად.
მომგებიანობა
განხილული კომპანიებიდან მომგებიანი მხოლოდ 2 კომპანიაა – “ბადაგი” და “ჩირიფრუტი”. კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები 9-13%-ის ფარგლებშია. “ბადაგის” მომგებიანობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი საოპერაციო ხარჯების ეფექტური მართვაა, რომელიც საშუალოდ ~30%-ის ფარგლებში იყო ბოლო 6 წლის განმავლობაში. “ჩირიფრუტის” მომგებიანობის ძირითადი მიზეზი კი მაღალი საერთო მოგების მარჟაა, რისი საშუალებითაც ანეიტრალებს მაღალ საოპერაციო ხარჯებს/ხელფასებს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია “ბადაგის” მომგებიანობის მაჩვენებელი თუ Return on Invested Capital (ROIC)-ს შევხედავთ. ROIC გვიჩვენებს თუ რა საოპერაციო მოგებას იღებს კომპანია ჩადებულ ინვესტიციაზე. ეს მაჩვენებელი “ბადაგის” შემთხვევაში 46%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
“ჩიკორი” და “ნუგბარი” კი ამ ეტაპზე ზარალიანი კომპანიები არიან. დაფინანსების წყაროდ ძირითადად სესხს მიმართავენ. სწორედ ამიტომ, ეს ორი კომპანია საკმაოდ მაღალ-ლევერიჯიანიცაა. “ნუგბარის” სესხის წილი მთლიანი ატივებში 72%-ს შეადგენს, “ჩიკორის” სესხები კი საერთოდ 19%-ით აღემატება აქტივებს და საკმაოდ რისკიან და არალიკვიდურ კომპანიას წარმოადგენს.
დივიდენდები
წარმოდგენილი კომპანიებიდან მხოლოდ “ბადაგს” აქვს დივიდენდი გაცემული. 2018-23 წლებში, კომპანიის მიერ გაცემულმა დივიდენდმა ჯამურად 600 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, მფლობელები პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან კომპანიის მენეჯმენტში და აქედანაც იღებენ ანაზღაურებას. მაგალითად, “ბადაგის” მენეჯმენტის ხელფასებზე ₾613 ათასი ლარი გაიცა 2023 წლის განმავლობაში.
“ჩირიფრუტი” არ გასცემს დივიდენდს, თუმცა კომპანიის მფლობელები – მენეჯმენტში ჩართულობით – ხელფასის სახით იღებენ შემოსავალს. “ჩიკორის” და “ნუგბარს“ კი, წამგებიანი ოპერაციების გამო, არ აქვთ დივიდენდის გაცემის შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 ჩურჩხელის ყოველდღიურ ხემსად გადაქცევა ჯერჯერობით არცერთ კომპანიას არ/ვერ გამოსვლია. როგორც რამდენიმე გასულ პოსტში აღვნიშნე, ჩურჩხელის ინსპირაციით და ბადაგის ბაზაზე შესაძლებელია energy/protein bar-ის შექმნა, რომელსაც პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
🟢 finSPOT-ის ნიუსლეთერის საშუალებით, შემდეგ შაბათს (1 მარტი) მოგიყვებით ერთ-ერთ protein bar კომპანიაზე, რომელიც $10k ინვესტიციით დაიწყო და სულ რამდენიმე წელში $600 მილიონად გაიყიდა. ნიუსლეთერი მხოლოდ გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი, ამიტომ გამოიწერე.
🟢 ზემოთ განხილული კომპანიების შემოსავლების დინამიკა 2019-23 წლებში:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ბადაგი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ვახტანგ ყაჯრიშვილი: 50%
- მიხეილ ბლიაძე: 50%
2️⃣ შპს "ქარელის ხილი" (ჩიკორი)
💼 კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები (შპს "ქართული ხილის ფონდის" და შპს "აგროინდუსტრიას" გავლით):
- გიორგი კვირიკაძე: 18.5%
- ირაკლი კაკაბაძე (შპს "დაგეტა კაპიტალის" გავლით): 12.0%
- სს სინერჯი კაპიტალი: 9.5%
- დიმიტრი ძირტკბილაშვილი: 8.5%
- პაატა ლომაძე: 8.5%
- ლევან ზუროშვილი: 8.5%
- შპს ინტერნეიშნლ დეველოპმენტ კომპანი: 8.5%
- ზაზა გოგოტიშვილი: 7.3%
- იბრაიმ შალიკაძე: 6.0%
- გურამ ცერცვაძე: 4.8%
- ირაკლი გოგოლიშვილი: 3.0%
- გიორგი ჩიტაშვილი: 2.0%
- გრიგოლ სვანიძე: 1.5%
- ვაჟა ბერიაშვილი: 1.0%
- დავით ქარცივაძე: 0.5%
3️⃣ შპს "ჩირიფრუტი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- მადონა ჯიქია: 45%
- სოფიო ჯიქია: 40%
- მაია ჯიქია: 15%
4️⃣ შპს "ნუგბარი"
💼 კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები* (შპს "მაკუკის" და შპს "ბარონ კაპიტალის" გავლით):
- ლევან დავითაძე: 60%
- ირაკლი შათაშვილი: 30%
- ეკა ბოქოლიშვილი: 10%
*2023 წლამდე კომპანიის მფლობელები იყვნენ ბიძინა ფხოველიშვილი (80%), ბექა საბეკია (10%) და ეკა ბოქოლიშვილი (10%). რატომ და რა ფორმით მოხდა მფლობელთა სტრუქტურის ცვლილება კომპანიას არ აქვს გამოქვეყნებული.