ლუდის მწარმოებლები (2023)

💡 გავეცნოთ ლუდის წარმოების ბიზნესს 4 უმსხვილესი მწარმოებლის მაგალითზე:

1️⃣ სს ლომისი (ნატახტარი | Natakhtari)🍺: ნატახტარი, ქარვა, კასრის, ტაატი, ექსტრა, ეფესი, ლოვენბრაუ, სტაროპრამენი, კორონა… 🥤: ლიმონათი ნატახტარი…

2️⃣ სს “ქართული ლუდის კომპანია” (ზედაზენი | Zedazeni) 🍺: ზედაზენი; რავი; აია; ბავარია; ჰოლსტენი; რაგნარი; ჰარპი; მილერი… 🥤: ლიმონათი ზედაზენი; ჩერო; RC Cola Georgia; ცივი ჩაი გურიელი; ცივი ჩაი დილმა…

3️⃣ შპს “გლობალ ბიერ ჯორჯია” (Global Beer Georgia) 🍺: აისი; კაიაკი; ყაზბეგი; შავი ლომი; ჰაინეკენი; კრუშოვიცე; ამსტელი… 🥤: ლიმონათი ყაზბეგი…

4️⃣ სს “არგო” (Argo) 🍺: არგო; ალუდა; ჰერცოგი; ჰოლანდია… 🥤: ზანდუკელის ლიმონათი; არგო მაგარი სელცერი…


ზოგადი მიმოხილვა

განხილული ლუდის კომპანიები აწარმოებენ როგორც ადგილობრივ ლუდს, ასევე ლიცენზირებულ ბრენდებს (“ჰაინეკენი”, “მილერი” და ა.შ.). ამავდროულად, კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა უცხოური ლუდის იმპორტს.

ტოპ 4 კომპანიის წარმადობა აჭარბებს ადგილობრივი ბაზრის რეალურ მოთხოვნას. სწორედ ამიტომაა, რომ კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ ექსპორტის განვითარებას და არაალკოჰოლური, ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელების წარმოებას.

წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავალები 5 წელში თითქმის გაორმაგდა და ₾458 მილიონი შეადგინა 2023 წელს. აქედან თითქმის ნახევარი კი ბაზრის ლიდერზე (“ნატახტარი“) მოდის.

ლუდის წარმოება კაპიტალურად ინტენსიური ბიზნესია. ბოლო 5 წელში, წარმოდგენილი კომპანიების CapEx-ის წილი შემოსავლებში საშუალოდ 13%-მდე იყო. კაპიტალური დანახარჯები განსაკუთრებით მაღალია ლუდის წარმოების საწყის წლებში, ადგილობრივ ბაზარზე დასამკვიდრებლად.

მაღალი კაპიტალური დანახარჯების და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საჭიროების ფონზე, კომპანიების უმეტესობას მოცულობითი სესხი აქვს ბალანსზე.

კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები 2023 წელს მაღალი იყო. ტოპ 4 კომპანიის საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალო შეწონილით 38%-ია, EBITDA მარჟა კი 22%. თუმცა, ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, “ნატახტარის” გარდა, არცერთ კომპანიას არ ჰქონდა საკმარისი ფულადი ნაკადები სესხზე მომსახურებისთვის. გლობალ ბიერ ჯორჯია” და “არგო” კი საოპერაციო თავისუფალი ფულადი ნაკადებით კაპიტალურ დანახარჯების დაფარვასაც ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ვხედავთ გაზრდილი სესხების მოცულობას “ზედაზენის“, “გლობალ ბიერ ჯორჯიას” და “არგოს” შემთხვევაში. “ნატახტარი” კი ერთადერთი იყო, რომელსაც საკმარისი ფულადი ნაკადები ჰქონდა როგორც სესხზე მომსახურებისთვის, ასევე მის შესამცირებლად — 2018-23 წლებში ₾110 მილიონიდან ჩამოვიდა ₾22 მილიონიან სასესხო ბალანსზე და დამატებით ₾35 მილიონის მოცულობის ქეში დააგროვა.

საქართველოს ლუდის ბიზნესში საკმაოდ მაღალია უცხოური ინვესტიციების წილი. უმსხვილეს ლუდის მწარმოებელს თურქეთის წამყვანი ლუდის მწარმოებელი Anadolu Efes ფლობს, “გლობალ ბიერ ჯორჯიას” 80%-იან და “არგოს” 40%-იან წილს კი – ნიდერლანდების მეორე უმსხვილესი ლუდსახარში Royal Swinkels.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

წარმოდგენილ კომპანიებს შორის, “ნატახტარი” ყველაზე მაღალშემოსავლიანი ლუდის მწარმოებელი კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის ბრუნვამ ₾114 მილიონი შეადგინა. ბოლო 5 წელში, ნატახტარის შემოსავლები საშულოდ წლიურად (CAGR) 16%-ით იზრდებოდა. ბაზრის უპირობო ლიდერი, “ნატახტარი” ფინანსურად ყველაზე ძლიერი და სტაბილურია. ამავდროულად, კომპანიას აქვს: (1) მაღალი ზრდის ტემპი (მხოლოდ ერთ უშუალო კონკურენტს ჩამოუვარდება); (2) მაღალი ლიკვიდურობა; (3) საუკეთესოდ მართული საბრუნავი კაპიტალი; (4) ყველაზე დაბალი ფინანსური ლევერიჯი; და (5) შესანიშნავი ამონაგები კაპიტალზე.

სექტორის მეორე მოთამაშის, “ზედაზენის” შემოსავლები ბაზრის ლიდერის ბრუნვის თითქმის ნახევარია და 2023 წელს ₾114 მილიონი შეადგინა. უმსხვილეს კონკურენტებს შორის, “ზედაზენს” ყველაზე მცირე ზრდა აქვს. 2018-23 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 5%-ით იზრდებოდა.

ბაზრის მესამე უმსხვილესი ლუდსახარში “გლობალ ბიერ ჯორჯიაა“, რომლის შემოსავლებმაც ₾86 მილიონი შეადგინა და ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას წარმოადგენს ოთხეულში (25% CAGR 2018-23 წლებში). კომპანიაში ჩადებულმა კაპიტალმა (საკუთარი კაპიტალი + სესები, net of debt repayment) ₾170 მილიონს გადააჭარბა 2016-23 წლებში. ამ მასშტაბის კაპიტალის ჩასხმის ფონზე, მიღწეული ზრდის ტემპი აღარ გამოიყურება ასეთივე შთამბეჭდავად. ეს ასევე კარგად ასახავს თუ რამდენად მოცულობითი ინვესტიციაა საჭირო ბაზარზე მოწინავე პოზიციის დასამკვიდრებლად.

მეოთხე მოთამაშეს კი წარმოადგენს “არგო“, რომელიც ბრუნვით 2-ჯერ ჩამორჩება მესამე პოზიციაზე მყოფ ლუდსახარშს. “არგოს” შემოსავლებმა ₾42 მილიონი შეადგინა 2023 წელს და ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად (CAGR) 12%-ით იზრდებოდა. კომპანიას არ აქვს საკმარისი საოპერაციო ფულადი ნაკადები არც კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად და არც სესხზე მომსახურებისთვის. ამიტომ, 2017-21 წლებში არგოს მოცულობითი კაპიტალის შენატანის გაკეთება მოუხდა როგორც საკუთარი კაპიტალის (₾39 მილიონი), ასევე სესხის სახით.

ლუდის მწარმოებლების საერთო მოგების მარჟები 33%-39%-ის ფარგლებშია. გამონაკლისია “არგო”, რომელსაც ყველაზე მაღალი მარჟა უჭირავს ოთხეულს შორის (51%). ბოლო წლებში ლუდის ნედლეულზე საგრძნობი ფასების ზრდის გამო, ვხედავთ საერთო მოგების მარჟების შემცირების ტენდენციას. თუმცა, “გლობალ ბიერ ჯორჯიამ“, საკუთარი წარმოების ლუდის ასორტიმენტის გაზრდის ფონზე, მოახერხა საერთო მოგების მარჟების საგრძნობი ზრდა 2019-23 წლებში — 23%-დან 33%-მდე. ეს ფაქტორი დიდ როლს თამაშობს “გლობალ ბიერ ჯორჯიას” შემოსავლების მაღალ ზრდის ტემპში.

საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 25%-ია. კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რაც საშუალო შეწონილით შემოსავლების 8.4%-ს შეადგენს. მარკეტინგულ დანახარჯებში კი კომპანიები წლიურად ₾1-₾6 მილიონამდე ხარჯავენ, რაც საშუალო შეწონილით ბრუნვის 2.5%-ს წარმოადგენს.

მომგებიანობა

საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები საშუალო შეწონილით 13% და 22%, შესაბამისად.

სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიების უმეტესობის ლევერიჯი მაღალია.

კომპანიებიდან ორს (“გლობალ ბიერ ჯორჯია” და “არგო“) არ ჰქონდა საკმარისი ფულადი ნაკადები კაპიტალური დანახარჯების გასაწევად და, შესაბამისად, არც სესხზე მომსახურებისთვის. “ზედაზენი” კომფორტულად ახერხებდა საოპერაციო ფულადი ნაკადებიდან კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებას, მაგრამ არ ჰყოფნიდა თანხა სესხზე მომსახურებისთვის. ამ დეფიციტის ამოსავსებად კი კომპანიები სასესხო ვალდებულებებს ზრდიდნენ.

შესაბამისად, კომპანიები დივიდენდის გაცემას ვერ ახერხებდნენ.

ერთადერთი კომპანია, რომელიც კომფორტულად ახერხებს როგორც კაპიტალური დანახარჯების, ასევე სასესხო ვალდებულებების დაფარვას არის “ნატახტარი“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კომპანიამ 2017-23 წლებში თითქმის ₾90 მილიონით შეამცირა სასესხო ვალდებულება და ბალანსზე ასებული ქეში ₾35 მილიონამდე გაზარდა. სავარაუდოდ, “ნატახტარი” მომდევნო წლებში დაიწყებს დივიდენდების დისტრიბუციას მშობელ კომპანიაზე.


🟢 საქართველოში დიდი მასშტაბის ლუდის წარმოების დაწყება თითქმის შეუძლებელია ათობით მილიონიანი ინვესტიციის გარეშე. საწარმოს, ინფრასტრუქტურისა და დისტრიბუციის უზრუნველსაყოფად საჭიროა მოცულობითი კაპიტალი.

თუმცა, ამერიკაში დაფუძნებული ბრენდის, Back Home Beer-ის დამფუძნებლის, წარმოშობით ირანელი Zahra Tabatabai-ის ისტორია გვაჩვენებს, რომ მცირე რესურსებითაც შეიძლება ბაზარზე დამკვიდრება. 2021 წელს მან ბიზნესი დაიწყო სულ რაღაც $7,000-ით. ტრადიციული აღმოსავლური არომატების — სუმახისა და მჟავე ალუბლის — გამოყენებით ტაბატაბაიმ შექმნა უნიკალური ლუდი და მოახერხა მასშტაბის გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ქარხანა არ ჰქონდა (წარმოებას სხვა ბრიუერთან კონტრაქტით აწარმოებდა). წარმატებულმა Kickstarter-კამპანიამ კი $125,000-ზე მეტი მოიზიდა, რაც მას საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი 250-ზე მეტ ლოკაციაზე გაყიდოს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში.

ეს მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველოში ახალი მცირე მწარმოებლებიც შეიძლება წარმატებულად გამოჩნდნენ ბაზარზე. საჭირო არ არის ათობით მილიონი, ხშირად საკმარისია განსხვავებული იდეა, მყარი ნარატივი/story და სტრატეგიული პარტნიორობა.

🟢 ქვედა გრაფიკში შეგიძლიათ გაეცნოთ ტოპ 4 ლუდის მწარმოებლის შემოსავლების დინამიკას 2017-23 წლებში:
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ სს "ლომისი" (ნატახტარი | Natakhtari)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი მხარე:
- Anadolu Efes Biracılık ve Malt Sanayii A.Ş. (თურქეთი)

2️⃣ სს "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი | Zedazeni)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი მხარე:
- ცეზარ ჩოჩელი და იზოლდა ჩარიგოგდიშვილი (შპს "მიქსორი"-ს გავლით)
*2024 წელს "ზედაზენი" თავის შვილობილ კომპანიასთან ("მაგნიტი") ერთად გაერთიანდა "დეილი ჯგუფთან". ეს უკანასკნელი ფლობს საცალო სავაჭრო ქსელურ მარკეტებს: "სპარი", "იოლი", "დეილი", "კალათა" და "გვირილა".

3️⃣ შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია" (Global Beer Georgia)
💼 საბოლოო მშობელი კომპანია:
- სს "საქართველოს კაპიტალი" | Georgia Capital: 100%
*2024 წელს "საქართველოს კაპიტალმა" კომპანიის 80% მიყიდა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ლუდის მწარმოებელ კომპანიას, Royal Swinkels (Netherlands).

4️⃣ სს "არგო" (Argo)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ვასილი სულხანიშვილი: 51%
- Royal Swinkels (Netherlands): 40%
- სს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია": 9%
*"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია თემურ ჭყონია.