გავეცნოთ საკონდიტრო მაღაზია-საცხობებს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:
შპს “არბო 2009” (მადარტი | Madart)
შპს “FOOD 7” (ტორტინი | Tortini)
შპს “ასორტი-ვერე”
შპს “კონდი” (საკონდიტრო ბელა)
შპს “დოლჩე ვიტა”
შპს “გურმე”
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია საკუთარი მაღაზიათა ქსელების მეშვეობით.
საკონდიტრო ბაზარზე “მადარტი” უპირობო ლიდერია, დანარჩენი საკონდიტრო ქსელები კი მსხვილ კონკურენტთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის არიან.
წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობას სექტორის გათვალისწინებით საკმაოდ ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ:
- კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 13%-ია, ამონაგები აქტივებზე (ROAA) კი 27%. ბოლო წლებში ყველა კომპანიას, “ასორტის” გარდა, საკმარისი ფულადი ნაკადები ჰქონდა დივიდენდების გასაცემად.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
“მადარტი” ყველაზე მაღალშემოსავლიანი და, ამავდროულად, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და მაღალი ლიკვიდურობის მქონე საკონდიტრო მაღაზია-საცხობია საქართველოში. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾55 მილიონი შეადგინა, რაც 2-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა 2019 წლის ბრუნვას.
დანარჩენ 5 წარმოდგენილ კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის ბრუნვა აქვს, თუმცა ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალია. “ტორტინს“, “ასორტს” და “საკონდიტრო ბელას” ₾11-₾13 მილიონის ფარგლებში აქვთ წლიური ბრუნვა, “დოლჩე ვიტას” ₾7 მილიონი, “გურმეს” კი ₾6 მილიონამდე.
შემოსავლების ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი “ტორტინს” აქვს, რაც ძირითადად ახალი ფილიალების დამატების ხარჯზე მოხდა. ამ ეტაპისთვის “ტორტინის” ქსელი 31 ფილიალს აერთიანებს, სულ რაღაც 2021 წლის ბოლოს კი მხოლოდ 14 ფილიალით ოპერირებდა.
საცხობების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) და საოპერაციო ხარჯების წილი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და არ არის შესადარისი, რასაც თავისი ახსნა აქვს. კომპანიების უმეტესობის რეპორტინგის ხარისხი საკმაოდ დაბალია და თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯები ბუნდოვნად არის გადანაწილებული. თვითღირებულების და საოპერაციო ხარჯების ჩაშლა ყველაზე კარგად “მადარტს” და “ბელას” აქვთ, დანარჩენის შემთხვევაში კი გაუკრვეველია პირდაპირი ხელფასის ან ზედნადები ხარჯები თუ შედის თვითღირებულების ხარჯებში. “ასორტს” კი საერთოდ არ აქვს თვითღირებულების ხარჯები გამოყოფილი და ყველაფერი საოპერაციო ხარჯად აქვს აღიარებული. ამიტომ, საერთო მოგების მარჟებისა და საოპერაციო ხარჯების წილის გასაცნობად, უკეთესია შევხედოთ “მადარტს” და “ბელას”:
“მადარტის” და “ბელას” საერთო მოგების მარჟები 39% და 42% შეადგენს, შესაბამისად. 2019 წელს ორივე კომპანიის შემთხვევაში საერთო მოგების მარჟები 34% შეადგენდა. კომპანიებმა მარჟების ზრდა ფასების დაკორექტირებით მოახერხეს, რამაც გაანეიტრალა ბოლო წლებში ნედლეულზე ფასების ზრდა.
საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის ხელფასებზე. “მადარტის” და “ბელას” საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 28% და 21%, შესაბამისად.
საოპერაციო მოგების მარჟები შესადარისია წარმოდგენილ კომპანიებს შორის და საშუალო შეწონილით 13%-ზე მეტს შეადგენს, რაც, სექტორის გათვალისწინებით, ჯანსაღად გამოიყურება.
ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები “ტორტინის” აქვს, რაც ძირითადად მაღალი საერთო მოგების მარჟით არის განპირობებული.
მომგებიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი “ასორტს” აქვს, რომელიც ვერ ახერხებს ხარჯების ეფექტურ მართვას. კომპანია შემოსავლების 35%-ს მხოლოდ ხელფასებში იხდის, შესაბამისად რეინვესტირებისთის თუ დივიდენდის გასაცემად თანხა არ რჩება. თუმცა, კომპანიის მფლობელი სავარაუდოდ დივიდენდის ნაცვლად ხელფასის სახით იღებს შემოსავალს, რაც ხსნის “ასორტის” ხელფასების ასეთ მაღალ წილს შემოსავლებში.
დივიდენდები
კომპანიების უმეტესობას მცირე სასესხო ვალდებულება აქვს. შესაბამისად, მაღალი მომგებიანობის და დაბალი ლევერიჯის ფონზე კომპანიები ახერხებენ დივიდენდის გაცემას. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურად:
მადარტი: ₾9.4 მილიონი
ტორტინი: ₾3.4 მილიონი
ასორტი: ₾0
საკონდიტრო ბელა: ₾2.5 მილიონი
დოლჩე ვიტა: ₾1.0 მილიონი (მოიცავს 2024 წელს გაცემულ ₾0.5 მილიონს)
გურმე: ₾0.3 მილიონი
დამატებითი ინფორმაცია
ქვედა გრაფიკში შეგიძლიათ გაეცნოთ საცხობების შემოსავლების დინამიკას. როგორც ქვედა გრაფიკზე ჩანს "მადარტი" წამყვან პოზიციაზე იყო 2018 წელსაც, მაგრამ წლებთან ერთად ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაზარდა და კიდევ უფრო შესამჩნევად ჩამოიტოვა კონკურენტები.
ასევე საინტერესოა "ტორტინის" შემოსავლები დინამიკა. 2018-20 წლებში, წარმოდგენილ კონკურენტებს შორის, "ტორტინი" მე-5 ადგილზე პოზიციონირებდა. 2021 წლიდან კი დაიწყო ქსელის აქტიური გაფართოება და ამჟამად შემოსავლებით მე-2 ადგილზეა კონკურენტებს შორის.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ მადარტი
- დავით ჭრელაშვილი: 100%
2️⃣ ტორტინი
- მიხეილ ცოგოშვილი: 100%
3️⃣ ასორტი
- ნატო ცომაია: 100%
4️⃣ საკონდიტრო ბელა
- ირაკლი ბოჭორიშვილი: 50%
- ბექა ბოჭორიშვილი: 50%
5️⃣ დოლჩე ვიტა
- ქეთევან მერაბიშვილი: 100%
6️⃣ გურმე
- ნინო მამულაშვილი: 66.7%
- ლიანა ჭელიძე: 33.3%