გავეცნოთ ბავშვთა კვების დისტრიბუტორებს 5 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბეიბი ფუდი” — (HiPP, SPLAT, pine baby care, Bionnex, Roxy Kids…)
შპს “ნატურლენდი” — (Nutrilak/ნუტრილაკი, Винни…)
შპს “ფაინ თრი ინთერნეიშენალ” — (Humana/ჰუმანა, Komili Bebe…)
შპს “ჯისი” — (Nutrilon, Bebi, Малютка, Bübchen)
შპს “ჯეო ნუთრიშენ” — (Similac, MAMAKO, NANNY…)
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა კვების ნაწარმის იმპორტი, დისტრიბუცია და საბითუმო რეალიზაცია საქართველოში.
განხილული კომპანიები წარმოადგენენ ბავშვთა კვების სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორებს. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები დამატებით ახდენენ ჰიგიენური პროდუქტებისა თუ სხვა პროდუქციის იმპორტსაც, თუმცა შედარებით მცირე მოცულობით.
ბავშვთა კვების დისტრიბუტორებს აქტივების პროპორციულად მცირე ინვესტიცია აქვთ განხორციელებული ძირითად საშუალებებში. ფიქსირებული აქტივების ძირითადი წილი მოდის დისტრიბუციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე, სადისტრიბუციო ცენტრებს/საწყობებს კი უმეტეს შემთხვევაში საოპერაციო იჯარით იღებენ.
ვინაიდან, ძირითადი საშუალებების წილი მთლიან აქტივებში საკმაოდ მცირეა, კომპანიები არ საჭიროებენ მოცულობით კაპიტალურ ინვესტიციებს და, როგორც წესი, არც სესხის აღების საჭიროება აქვთ – გარდა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საჭიროებისა.
კომპანიებს სექტორისთვის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, დაბალი ლევერიჯი და მცირე კაპიტალური დანახარჯები (capex) აქვთ. სწორედ ეს განაპირობებს, რომ წარმოდგენილ კომპანიებს აქვთ საშუალება საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები გამოიყენონ მფლობელებზე დივიდენდების განაწილებისთვის. 2019-22 წლებში კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას HiPP-ის ოფიციალური დისტრიბუტორი “ბეიბი ფუდი” იკავებს. “ბეიბი ფუდის” შემოსავლებმა ₾25 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კონკურენტების შემოსავლებს.
2019-22 წლებში “ჯეო ნუთრიშენის” შემოსავლების მაღალი საშუალო წლიური ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიამ ოპერირება მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. “ჯეო ნუთრიშენი” თუ ბაზრის წილის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას მოახერხებს, არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს მსხვილ კონკურენტებსაც.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები 35%-55%-ის ფარგლებშია. ამ მხრივ გამონაკლისია “ჯისი“, რომლის საერთო მოგების მარჟა მხოლოდ 18%-ს შეადგენს, რასაც დაბალი საოპერაციო ხარჯებით ნაწილობრივ აბალანსებს.
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საკმაოდ განსხვავებულია კონკურენტებს შორის და 10%-45%-მდე მერყეობს. საოპერაციო ხარჯებში სხვაობის ძირითადი მიზეზი თანამშრომელთა ანაზღაურება და მარკეტინგული დანახარჯებია.
- ყველაზე მაღალი მარკეტინგული დანახარჯები როგორც პროპორციული, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლებით, “ბეიბი ფუდს” და “ნატურლენდს” აქვთ. როგორც ქვემოთ მოცემულ ანალიზში ნახავთ, ორივე მათგანი შემოსავლების 10%-ს ხარჯავს მარკეტინგულ აქტივობებში.
სექტორის გათვალისწინებით, ბავშვთა კვების იმპორტიორების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ კარგად გამოიყურება.
მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს (“დიპლომატ ჯორჯია”, “შარმ თრეიდინგი”, “მეგაკო” და ა.შ.) თუ შევადარებთ, ბავშვთა კვების დისტრიბუტორთა მომგებიანობის მარჟები გაცილებით მაღალია. 10%-ზე ნაკლები EBITDA მარჟა მხოლოდ “ჯისის” აქვს. ყველაზე მაღალი EBITDA მარჟა კი “ჯეო ნუთრიშენს” აქვს, რაც ძირითადად კომპანიის დაბალი საოპერაციო ხარჯებით არის განპირობებული.
კაპიტალის სტრუქტურის კუთხით, კომპანიები უმეტესად საკუთარი კაპიტალით ფინანსდებიან და სესხს მცირე მოცულობით იყენებენ. ის კომპანიები კი, რომელთაც სესხი აქვთ ბალანსზე, კომფორტულად ახერხებენ სესხზე მომსახურებას.
დაბალი ლევერიჯის, მცირე კაპიტალური დანახარჯებისა და სექტორისთვის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების ფონზე, კომპანიებს საკმარისი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდების გასაცემად. 2019-2022 წლებში კუმულატიურად გაცემული დივიდენდები:
- “ბეიბი ფუდი”: ₾4.1 მილიონი
- “ნატურლენდი”: ₾5.8 მილიონი
- “ფაინ თრი ინთერნეიშენალ”: ₾1.8 მილიონი
- “ჯისი”: ₾2.2 მილიონი
- “ჯეო ნუთრიშენ”: ₾3.9 მილიონი
დამატებითი ინფორმაცია
🟢 საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ სექტორულ ჭრილში, საბითუმო და საცალო ვაჭრობა ყველაზე მსხვილ ცალკეულ კომპონენტს წარმოადგენს. 2022 წლის მონაცემებით, ვაჭრობის დარგი (ტრანსპორტის და დასაწყობების ჩათვლით) მშპ-ს 22% შეადგენს, სადაც დიდი წილი სწორედ დისტრიბუციაზე მოდის.
- შესაბამისად, გასაკვირი არაა რომ ათობით მსხვილი* თუ საშუალო ბიზნესი დისტრიბუციის სფეროშია საქართველოში.
*ოთხი მსხვილი FMCG დისტრიბუტორის ("დიპლომატ ჯორჯია", "შარმ ტრეიდინგი", "მეგაკო" და "ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია") ფინანსური ანალიზი 2023 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა finSPOT-ზე.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ბეიბი ფუდი"
💼 კომპანიის მფლობელი:
- მაია კურდღელაშვილი: 50%
- თეიმურაზ მამაცაშვილი: 50%
2️⃣ შპს "ნატურლენდი"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ვახტანგ ბარბაქაძე: 65%
- თეონა გიორგაძე: 15%
- შორენა მეხრიშვილი: 15%
- ბექა ბურდილაძე: 5%
3️⃣ შპს "ფაინ თრი ინთერნეიშენალ"
💼 კომპანიის მფლობელი:
- თეიმურაზ კონიაშვილი: 80%
- თამარი კონიაშვილი: 20%
4️⃣ შპს "ჯისი"
💼 კომპანიის მფლობელი:
- აკაკი ახვლედიანი: 55%
- ნინო მიქაძე: 25%
- ზაზა კაპანაძე: 20%
5️⃣ შპს "ჯეო ნუთრიშენ"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ვუგარ ჰუსეინოვი: 100%