კვერცხის წარმოების ბიზნესი (2022)

💡 გავეცნოთ ქათმის კვერცხის წარმოების ბიზნესს 3 კომპანიის* მაგალითზე:

1️⃣ შპს “პოულტრი ჯორჯია” (კოდა • Koda)

2️⃣ შპს “დილის პროდუქტები” (დილის პროდუქტები/დილა • Dila Products)

3️⃣ შპს “სავანეთი 99” (სავანეთიSavaneti)

შპს “კუმისი XXI”-ის (კუმისი • KUMISI) განხილვაც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ კომპანიას 2022 წლის ანგარიშგება ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული

ზოგადი მიმოხილვა

სამივე კომპანიის ძირითად საქმიანობას კვერცხის წარმოება წარმოადგენს, თუმცა ორი მათგანი ასევე ახორციელებს ქათმის ხორცის წარმოებას.

ზოგადად, კვერცხის წარმოება დაბალ-მარჟიანი ინდუსტრიაა. ამ ბიზნესში მაღალ მომგებიანობაზე გასასვლელად მოცულობით წარმოებაზე გასვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაღალ მოცულობაზე გასვლას კი სექტორში არსებული მაღალი კონკურენცია და პროდუქციის დიფერენციაციის დაბალი შესაძლებლობა აფერხებს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიებს დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. ორმა მათგანმა კი ზარალით დახურა 2022 წელი და გასულ წლებშიც მომგებიანობაზე გასვლის პრობლემა ჰქონდათ.

2018-2022 წლებში წარმოდგენილი კომპანიების საშულო წლიური ზრდა 7%-14%-ის ფარგლებში იყო.

  • კომპანიების ზრდის ყველაზე დიდი წილი მოდის 2021-’22 წლებზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვნად გაძვირდა ნედლეული. თვითღირებულების ხარჯის ზრდის შედეგად კი კომპანიებმა გაზარდეს ფასები და საერთო მოგების მარჟები.
  • შედარებისთვის, 2018-’19 წლებში სამივე კომპანიას დაბალი ერთნიშნა ზრდა ან კლება ჰქონდა დაფიქსირებული შემოსავლებში.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

წარმოდგენილ 3 კონკურენტს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კოდაა, რომელსაც ქათმის კვერცხის სარეალიზაციო ბაზრის 25%-30% უკავია. “კოდას” შემოსავლებმა ₾38 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც თითქმის 10%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავლებს. დილის პროდუქტების* და სავანეთის შემოსავლებმა კი ₾24 მილიონი და ₾18 მილიონი შეადგინა, შესაბამისად.

კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 22%-24%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი კი მოდის მიწოდების ხარჯებზე.

კვერცხის მწარმოებლებს დაბალი მომგებიანობის მარჟები აქვთ. განხილულ კონკურენტებს შორის კი მხოლოდ “კოდას” აქვს დადებითი წმინდა მოგება, დანარჩენმა ორმა კომპანიამ ზარალზე დახურა წელი და მილიონობით დარგოვილი ზარალი აქვთ წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირების ფონზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ “სავანეთს” დადებითი საოპერაციო მოგების/EBITDA მარჟები აქვს, მაღალი ლევერიჯის გამო კომპანიის წმინდა მოგება უარყოფითია.

სავანეთი კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის მიერ აღებული სესხი მთლიან აქტივებს 12%-ით აჭარბებს. კომპანიის სესხის მოცულობა 2022 წელს თითქმის ₾6 მილიონით გაიზარდა (+98%) წინა წელთან შედარებით.

  • სესხის ასეთი ზრდის ძირითადი მიზანი, როგორც ჩანს, მფლობელზე დივიდენდის გაცემა იყო. ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა საკმარისი cash flow დივიდენდის გასაცემად, კომპანიამ ისესხა ₾10 მილიონი. აქედან დაახლოებით ₾5 მილიონი სესხის გადასაფარად გამოიყენა, ₾4.5 მილიონი კი მფლობელზე თანხის გასაცემად.
🟢 მაღალი კონკურენციის და პროდუქტის დიფერენციაციის ნაკლებობის ფონზე, კვერცხის მაღალი მარჟით  გაყიდვა რთული ამოცანაა. თუმცა, გლობალურ თუ ლოკალურ ბაზარზე, კომპანიები ცდილობენ თავიანთი პროდუქტის უპირატესობის წამოწევას შემდეგი მახასიათებლებით: Cage-Free, Free-Range, Organic, Pasture-Raised და ა.შ.

- ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ მაგალითს ამერიკის ბაზარზე წარმოადგენს Vital Farms, რომელმაც მაღალი კონკურენციის მიუხედავად მომგებიანი ბიზნეს მოდელი შეიმუშავა და ხელშესახები ბაზრის წილიც მოიპოვა.

- Vital Farms-მა, კონკურენტების გასაკვირად, მომხმარებლები დაარწმუნა გაცილებით მაღალი ფასი გადაიხადონ კვერცხში - commodity პროდუქტში. ამ წარმატების საფუძველი კი მასშტაბურ დონეზე pasture-raised კვერცხის წარმოებაა. ეს უკანასკნელი ნიშნავს რომ თითო ქათამს ფერმაში გადაადგილების ფართო სივრცე აქვს და იკვებება გარე სივრცეში ბუნებრივად არსებული საკვებით. ყველაფერთან ერთად, კვერცხის მსგავსი წარმოების პრაქტიკა გაცილებით ეთიკურია, ვიდრე გალიაში გაუნძრევლად მყოფი ქათმისგან მიღებული კვერცხი.

- თუ ვინმე საქართველოში ამ ინდუსტრიაში შესვლას აპირებს, ზემოთ მოცემული პრინციპით კვერცხის წარმოება შეიძლება საუკეთესო მიდგომა იყოს.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ კოდა
💼 კომპანიის მფლობელი:
- სს "პოულტრი ენტერპრაისის" (კვიპროსი): 100%
*კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები რატომღაც საიდუმლოდ ინახება. როგორც აუდიტორულ რეპორტშია მითითებული, "ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის მითითებული ინფორმაცია საბოლოო მაკონტროლებელი მხარეების შესახებ, როგორც ეს მოითხოვება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ("ბას") 24-ის შესაბამისად".

2️⃣ დილის პროდუქტები
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "პოულტრი ინვესტმენტ გრუპ" (სეიშელის კუნძულები): 52.5%
- შპს "გრანდის თრეიდინგი" (დიდი ბრიტანეთი): 47.5%
*"პოულტრი ინვესტმენტ გრუპის" მფლობელები: პაატა დუშუაშვილი და ნაზი ლიპარტელიანი. "გრანდ თრეიდინგის" მფლობელები: პაატა დუშუაშვილი, ნაზი ლიპარტელიანი, შეიხი საუდ ბინ საქრლ ალ კასიმისა და ხატერ მასსაადი.

3️⃣ სავანეთი
💼 კომპანიის მფლობელი:
- შოთა მუზაშვილი (საქართველოს / აშშ-ის მოქალაქე): 100%