ლუდის მწარმოებლები (2021)

💡 გავეცნოთ ლუდის წარმოების ბიზნესს 4 უმსხვილესი მწარმოებლის მაგალითზე.

1️⃣ სს „ლომისი“ (“ნატახტარი”)🍺 ნატახტარი, ქარვა, ეფესი, ლოვენბრაუ, ოტინგერი, სტაროპრამენი, კოზელი, ექსტრა, კასრის, მთიელი, კაიზერი; 🥤 ლიმონათი ნატახტარი

2️⃣ სს “ქართული ლუდის კომპანია” (“ზედაზენი”)🍺 ზედაზენი, რავი, ცივ-ცივი, ბავარია, ჰოლსტენი, ჰარპი, ბელგიური, MILLER (2022 წლიდან “მილერი”-ის ადგილობრივი წარმოების და რეალიზაციის ლიცენზია + ექსპორტის უფლება სომხეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში); 🥤 ლიმონათი ზედაზენი, ჩერო, RC Cola Georgia, ცივი ჩაი გურიელი, ცივი ჩაი “Dilmah”

3️⃣ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“🍺 აისი, კაიაკი, ლუდი ყაზბეგი, შავი ლომი, ჰაინეკენი, კრუშოვიცე, ამსტელი, ლუდინგი, მირზაანი; 🥤 ლიმონათი ყაზბეგი

4️⃣ სს “არგო”🍺 არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია, ალუდა, გერმანული; 🥤 ზანდუკელი, ენერგეტიკულ სასმელი “ამპერი”, არგოს მაგარი სელცერი

ზოგადი მიმოხილვა

ყველა ზემოთჩამოთვლილი ლუდსახარში საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ლუდით, არამედ ევროპული ბრენდების ლიცენზირებული პროდუქციით. კომპანიები ასევე ახდენენ სხვადასხვა ევროპული ლუდის ბრენდების იმპორტს. მაგალითად, “ნატახტარი” Stella Artois-სა და Corona-ს ექსკლუზიური იმპორტიორია.

საქართველოში ლუდის ინდუსტრია საკმაოდ გაჯერებულია და 4 ადგილობრივი კომპანიის წარმადობა აჭარბებს ბაზრის რეალურ მოთხოვნას.

სწორედ ამიტომაა რომ ბოლო წლებში კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წარმოებას (მაგ: წვენები, ენერგეტიკული სასმელები). 2019 წელს შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ “ყაზბეგის” ბრენდის და კომერციული აქტივების შესყიდვის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ლიმონათის ბაზარზე შესვლა იყო უკვე დამკვიდრებული და ცნობადი ბრენდით.

ფინანსური მიმოხილვა

ნატახტარის“ შემოსავლები ყველაზე ახლოს მდგომ ლუდის მწარმოებლის შემოსავლებს 2-ჯერ აღემატება. “ნატახტარის” 2021 წლის შემოსავლებმა ₾168 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც განხილული კონკურენტების შემოსავლები ₾46-₾76 მილიონის ფარგლებშია.

პანდემიის მიუხედავად, ლუდის კომპანიებს პოზიტიური ზრდის ტემპი ჰქონდათ ბოლო 3 წლის განმავლობაში. გამონაკლისია “ზედაზენი“, რომელსაც ნეგატიური საშუალო წლიური ზრდა (CAGR) ჰქონდა 2018-2021 წლებში. პანდემიის პირველ წელს, “ზედაზენის” ბრუნვა 17%-ით შემცირდა, ძირითადმა კონკურენტებმა კი მცირე ზრდას მიაღწიეს 2020 წელს.

სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა (gross margin) “არგოს” უჭირავს (59%), “ნატახტარს“ და “ზედაზენს” მარჟები 40%-ის ფარგლებში აქვთ, „გლობალ ბიერ ჯორჯია“ კი მხოლოდ 33%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებს.

საოპერაციო ხარჯების მართვის კუთხით ყველაზე ეფექტური “ნატახატრია“; opex-ის წილი შემოსავალში 22%-ზე ნაკლებს შეადგენს. ყველაზე მაღალი საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში “არგოს” აქვს (38%), თუმცა ამას მაღალი საერთო მოგების მარჟით აბალანსებს. „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში კი თითქმის უთანაბრდება საერთო მოგების მარჟას, რაც კომპანიის მომგებიანობაზე ნეგატიურად აისახება.

ლუდის წარმოება კაპიტალურად ინტენსიური ბიზნესია, სადაც მთლიანი აქტივების მნიშვნელოვანი წილი მოდის ძირითად საშუალებებზე (შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და ა.შ.). გრძელვადიანი ვალდებულებებისა და კაპიტალში შენატანების ძირითადი რესურსიც სწორედ ამ აქტივების შეძენას ან გაუმჯობესებას ხმარდება. შესაბამისად, სექტორის მონაწილეების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები არსებულ ძირითად საშუალებებს შემოსავლების გენერირებისთვის. ამისათვის შევხედოთ Fixed Asset Turnover (FAT)-ს.

ამ მხრივ „ნატახტარს“ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, ₾3.8 ლარის შემოსავლის გენერირებას ახერხებს. კონკურენტების შემთხვევაში კი იგივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, რადგან საწარმოო დანადგარების სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებენ და ფიქსირებული აქტივების სრული უტილიზაციისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

ლუდის მწარმოებლებს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული კაპიტალის სტრუქტურა აქვთ. თუ “არგოს” მთლიანი აქტივების 28% სესხით ფინანსდება, „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ სესხის მოცულობა მთლიან აქტივებს 16%-ით აღემატება და კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ სესხი აღებული აქვს როგორც უშუალო მშობელი კომპანიისგან (“თელიანი ველი“), ასევე ადგილობრივი ბანკებისგან.

გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ და “არგომ” სესხის გარდა მნიშვნელოვანი კაპიტალური შენატანები განახორციელეს ბოლო წლებში. 2017-2021 წლების განმავლობაში, “გლობალ ბიერ ჯორჯიას” კაპიტალში შენატანი შეადგენდა ₾64 მილიონ ლარს, “არგოს” შემთხვევაში კი თითქმის ₾40 მილიონს. აქედან კარგად ჩანს, ლუდის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად რამდენად დიდი ინვესტიციაა საჭირო.

შესაბამისად, გასაკვირი არაა რომ კომპანიები დივიდენდის გაცემას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

კომპანიების მარკეტინგული დანახარჯები ბოლო 5 წლის განმავლობაში (2017-2021) კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

1️⃣ნატახტარი“: ₾27 მილიონი (ყოველწლიურად შემოსავლების საშუალოდ 4%)

2️⃣ზედაზენი“: ₾24 მილიონი (ყოველწლიურად შემოსავლების საშუალოდ 6%)

3️⃣ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“: ₾15 მილიონი (ყოველწლიურად შემოსავლების საშუალოდ 11%)

4️⃣არგო“: ₾11 მილიონი (ყოველწლიურად შემოსავლების საშუალოდ 8%)

🟢 წამყვანი ლუდის კომპანიებისთვის ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. ვინაიდან საქართველოში ლუდის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ლუდის მწარმოებლებისთვის პრიორიტეტულია საექსპორტო ბაზრების აქტიური ათვისება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება როგორც მომავალი განვითარებისთვის, ასევე სავალუტო რისკის შესამცირებლად. ცნობისთვის, ნედლეული და შესაფუთი მასალები ძირითადად იმპორტირებულია საზღვარგარეთიდან.

🟢 ვინაიდან ლუდის ინდუსტრიაში შესვლა მნიშვნელოვან საწყის კაპიტალთან და ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, ახალი მოთამაშეებიდან ძირითადად ვხედავთ მხოლოდ მცირე ზომის კრაფტული მიმართულების ლუდსახარშებს. მსგავსი ტიპის ლუდსახარშების წარმატებული განვითარების ერთ-ერთი გზა ძლიერი ბრენდის შექმნაა, რამაც შესაძლოა მსხვილი მოთამაშეები დააინტერესოს ამ ბრენდის შესყიდვით/პორტფელში დამატებით. იგივე ეხება არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ სს "ლომისი" (ნატახტარი - Natakhtari)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი მხარე:
- Anadolu Efes Group
*ლუდის წარმოების მოცულობით, Anadolu Efes-ი ევროპის 5 და მსოფლიოს 9 უმსხვილეს კომპანიას შორის იმყოფება. კომპანიის 24%-იანი წილის მფლობელი კი მსოფლიოს უმსხვილესი ლუდის მწარმოებელი კომპანია AB InBev-ია.

2️⃣ სს "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი - Zedazeni)
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "მიქსორი": 63.50%
- შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი": 24.11%
- შპს "პსპ ფარმა": 12.39%
*შპს "მიქსორის" საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები არიან ცეზარ ჩოჩელი და მისი მეუღლე. შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგის" საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა დავით ბეჟუაშვილი.
**"ზედაზენი" შვილობილის გავლით ფლობს 46.71%-იან წილს სუპერმარკეტების ქსელ "მაგნიტში".


3️⃣ შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"
💼 საბოლოო მშობელი კომპანია:
- ჯორჯია კაპიტალი / Georgia Capital (LSE: CGEO)
*უშუალო მშობელ კომპანიას წარმოადგენ სს "ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი" (ყოფილი სს "თელიანი ველი")

4️⃣ სს "არგო" (Argo • არგო)
💼 კომპანიის მფლობელები:
- Swinkels Family Brewers (Netherlands): 40%
- ვასილ სულხანიშვილი: 51%
- სს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია": 9%
*სს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" 87.47%-იანი საკონტროლო პაკეტის მფლობელია თემურ ჭყონია.